აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
„კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის”, - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში, რომელსაც ჟურნალისტები ეყრდნობიან.
Bloomberg-ი წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი ამერიკელ პოლიტიკოსებში შეშფოთებას იწვევს. რადგან, გაყინული აქტივების კონფისკაციამ, შეიძლება, აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაცია შელახოს. ამის თავიდან ასაცილებლად, თეთრ სახლს სურს, ეს საკითხი „დიდ შვიდეულის“ წევრ ევროპელ მოკავშირეებთან შეათანხმოს.
Bloomberg-ი წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ამგვარი კანონი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთს, მიყენებული ზიანი აანაზღაურებინონ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება მინიმუმ 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.