ჩინეთიდან კონტეინერის ჩამოტანის ფასი გასამმაგებულია. როგორც „ინექს ჯგუფში“ აცხადებენ, რომელიც ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვებს ახორციელებს, გართულებული ტრანსპორტირების გამო, გემებს ტვირთების დანიშნულების ადგილამდე მიტანა აფრიკის შემოვლით უწევთ, რაც გაზრდილ დროსა და ხარჯებს იწვევს. კომპანიაში ასევე ვარაუდობენ, რომ ტვირთების გაძვირებული ტრანსპორტირება ადგილობრივ ფასებზე, დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან აისახებ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების გაძვირება წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებას უკავშირდება. რაც თავის მხრივ იემენში ჰუსიტი მეამბოხეების მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმას მოჰყვა. ჰუსტების დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ის ჰამასის მხარდამჭერია და მიზანში იღებს გემებს, რომლებიც ისრაელში მიემგზავრებიან. მართალია, უსაფრთხოების მიზნით, იქ აშშ-ის სამხედრო ხომალდები განლაგებულნი არიან, მაგრამ კომპანიებს მაინც უწევთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ. Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. როგორც დანიურ გადამზიდ კომპანიაში Maersk-ში განმარტავენ, გასულ თვეში, ტრანზიტის შეფერხებისთვის მათ დამატებითი გადასახადი დააწესეს, რაც სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში, 700 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი იმ ტვირთებს ეხება, რომლებიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიცურავენ.