საჰაერო გადაზიდვები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის იანვარ-ნოემბერში ავიალაინერებით მილიარდ 112 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი გადაიზიდა, რაც 2016 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წლის 11 თვეს თუ ავიღებთ საჰაერო გადაზიდვების მოცულობა 723 მლნ დოლარს მცირედით აჭარბებდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში განხორციელებული მილიარდ 112 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთბრუნვიდან, 878 მილიონ 707 ათასი დოლარი იმპორტზე, ხოლო 234 მილიონ 289 ათასი ექსპორტზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია არაბთა გაერთიანებული საამიროები, მეორე ადგილზეა შვეიცარია და მესამეზე ჩინეთი. რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის 11 თვეში, საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქტი გაიგზავნა შვეიცარიაში, ჩინეთსა და უზბეკეთში. საჰაერო გადაზიდვებით უმეტესწილად ხდება სატელეფონო აპარატების, სამკურნალო საშუალებების, ვაქცინების, სისხლის და იმუნური პროდუქტების, გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე საფრენი აპარატების იმპორტი. რაც შეეხება ექსპორტს, საჰაერო გზით ძირითადად ქვეყნიდან გადის ოქრო, როგორც დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სამკურნალო საშუალებები და კოსმეტიკა.