* ფრენკ აბიგნეილი -
მართალია, დღეს ფრენკ აბიგნეილი საბანკო სფეროს და დოკუმენტების დაცვის სისტემის წამყვანი სპეციალისტია, ლექციებს კითხულობს გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში და კონსულტაციას უწევს მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციებს, მაგრამ 1960-იან წლებში სახელი თაღლითობით, ორიგინალური მაქინაციებით გაითქვა და ამერიკელი სამართალდამცავების სერიოზულ თავის ტკივილად იქცა.
ჩეკების გაყალბება იშვიათი ნიჭით დაჯილდოვბულმა აბიგნეილმა 16 წლის ასაკში დაიწყო, ხუთწლიანი კრიმინალური საქმიანობის მანძილზე კი, არა მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარით აზარალა ბანკები მთელ მსოფლიოში, არამედ ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან მძარცველადაც იქცა, რადგან სასჯელისგან თავის დასაღწევად ხან პილოტად და სოციოლოგიის პროფესორად, ხან პედიატრად და იურისტად გაასაღა თავი. მართალია, აბიგნეილი 1969 წელს დააკავეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ვადაზე ადრე გათავისუფლდა საპატიმროდან.
1980 წელს აბიგნეილმა ავტობიოგრაფიული რომანი ‘’დამიჭირე თუ შეგიძლია’’ გამოსცა, რომელიც სტივენ სპილბერგის ამავე სახელწოდების ფილმს დაედო საფუძვლად, თუმცა ეკრანული ისტორია ბევრად განსხვავდება რეალურისგან, რადგან ფილმში ფრენკი გაკოტრებული მეწარმის შვილია და თაღლითობაც სწორედ ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა, მაშინ როცა ნამდვილ აბიგნეილს საკმაოდ უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა, თაღლითობაზე კი, აზარტმა უბიძგა.
* პირველი თაღლითობა -
ფრენკ უილიამ აბიგნეილი 1948 წლის 27 აპრილს დაიბადა ნიუ-იორკში, მდიდარი ბიზნესმენის ფრენკ აბიგნეილ-უფროსის ოჯახში, მისგანვე მიიღო მემკვიდრეობით გამჭრიახი გონება და სწრაფად აზროვნების უნარი, რაც მოგვიანებით მეტად წარმატებულად გამოიყენა ‘’პროფესიონალურ’’ საქმიანობაში.
მშობლების განქორწინების შემდეგ, ფრენკზე მეურვეობა მამამ ჩაიბარა. მართალია, აბიგნეილი, რომელმაც მძიმედ განიცადა მშობლების დაშორება დიდხანს ცდილობდა მათ შერიგებას, მაგრამ მრავალწლიანი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სხვათა შორის, სწორედ მამა გახდა ფრენკის თაღლითობის პირველი მსხვერპლი, როცა ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებთან მეგობრობის წყალობით ბევრად მეტს ამატებდა საწვავის ან ავტონაწილების საფასურს, მოგებას კი, თანამზრახველებთან ინაწილებდა. მართალია, უფროსი აბიგნეილის ზარალმა 3 500 დოლარს მიაღწია, მაგრამ პირველი თაღლითობა მაინც დაუსჯელი დარჩა, რადგან მამა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
რამდენიმე წელი ფრენკი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც ‘’დიდი ნეილის’’ მეტსახელით სარგებლობდა, რადგან ასაკთან შედარებით, ბევრად უფროსად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, აბიგნეილმა ამგვარი უპირატესობითაც ისარგებლა, 10 წლით მოიმატა ასაკი და უპრობლემოდ აიღო მართვის მოწმობა, მერე კი, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის იმედით გააყალბა საანკეტო მონაცემები, თუმცა, სწრაფად მიხვდა, რომ განათლების გარეშე ვერასდროს შეძლებდა პერსპექტიულ სამსახურის მოძიებას, სწავლა კი, ძალიან დაეზარა და საბოლოოდ აირჩია ავანტიურისტული ცხოვრების წესი.
* ჩეკების გაყალბება -
მსხვილი თაღლითობა აბიგნეილმა საკუთარი ჩეკების გაყალბებით დაიწყო. მართალია, მისი გამოწერილი ჩეკით თანხის მიღება შეუძლებელი იყო, რადგან არასდროს ჰქონდა ანგარიშზე ფული, მაგრამ ბანკის მესვეურები ყოველთვის დაგვიანებით პოულობდნენ დანაკლისს. მოგვიანებით ფრენკმა თაღლითობის ახალი და ბევრად ორიგინალური - ყალბი დეპოზიტური ბლანკის მონაცემთა საერთო ბაზაში შეპარების მეთოდი გამოიგონა. აბიგნეილი ცარიელ სადეპოზიტო ბლანკზე ბეჭდავდა საკუთარი ანგარიშის ნომერს და სხვებთან ურევდა, ბანკის კლიენტები კი, მის ბლანკს ავსებდნენ და ფულიც მისივე
ანგარიშზე ირიცხებოდა. მარტივი, თუმცა მეტად ეფექტური მეთოდით აბიგნეილმა 40 ათასზე დოლარზე მიითვისა, მერე კი, საფრთხე იგრძნო და სანამ დაზარალებულმა ბანკებმა ფინანსების გადინების წყარო აღმოაჩინეს, ანგარიშიდან ფულის გამოტანაც მოასწრო და პირადი მონაცემების შეცვლაც.
* პილოტი -
გარდასახვის ოსტატი აბიგნეილი ყველაზე ხშირად პილოტის ამპლუას ირგებდა, რადგან ავიატორობა 1960-იანი წლების ამერიკაში მეტად პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა, მფრინავები კი, არა მარტო საზოგადოების პატივისცემით და გოგონების ყურადღებით, არამედ მთელი რიგი შეღავათებითაც სარგებლობდნენ.
კომპანიის ახალგაზრდა პილოტად წარდგენის შემდეგ, აბიგნეილმა, რომელსაც ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების უნიკალური ნიჭი ჰქონდა, ავიაკომპანია Pan American-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელთან დაიჩივლა, თითქოს ვიღაცამ უნიფორმა მოჰპარა და სწორედ მისი გულუბრყვილობის წყალობით ჩაიგდო ხელში პილოტის ფორმა.
ფრენკი თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობდა იმ ბარებს, სადაც პილოტები იყრიდნენ თავს. სწავლობდა მათ სლენგს, მანერებს და ყოველდღიურ ცხოვრებას, რეპორტიორად თავის გასაღებით კი, საჭირო ინფორმაციას აგროვებდა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან და ახლა უკვე მათ ჩეკებს აყალბებდა. აბიგნეილი მოხერხებულად აცლიდა ლოგოტიპს სუვენირულ თვითმფრინავებს, დახვეწილი მანერების, თანდაყოლილი შარმისა და პილოტის ფორმის წყალობით კი, თავისუფლად აცურებდა ბანკის თანამშრომელ ქალბატონებს.
ამერიკის უმსხვილესი ავიახაზების Pan American-ის პილოტად ორწლიანი მუშაობის პერიოდში, ფრენკმა 250 რეისი განახორციელა ავიაკომპანიის ხარჯზე 26 ქვეყანაში და საერთო ჯამში 1 მილიონი მილი უფასო ფრენა დააგროვა, თუმცა არასდროს უცდია თვითმფრინავის მართვა, რადგან ყოველთვის ახერხებდა სხვადასხვა მიზეზით, პირველ რიგში, ალკოჰოლის მიღებით პროფესიონალური ვალდებულებებისგან თავის დაღწევას.
* იურისტი -
რობერტ ბლეიკის ფსევდონიმით, ავიაკომპანია Pan American-ში მუშაობისას, გამცილებელი ქალბატონისთვის თავის მოწონების სურვილით ფრენკმა თავხედურად იცრუა, თითქოს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული,
ახალგაზრდა ქალბატონმა კი, მეგობარი იურისტი გააცნო, რომელმაც აბიგნეილს ადვოკატურაში გამოცდის ჩაბარება შესთავაზა. მართალია, 19 წლის ფრენკმა, რომელიც ბევრად უფროსად გამოიყურებოდა, თამამად გაასაღა თავის ჰარვარდის კურსდამთავრებულად, მაგრამ იურისტის დიპლომის გაყალბება და გამოცდისთვის სერიოზული მომზადება მაინც მოუწია. რამდენიმეკვირიანი დამოუკიდებელი მეცადინეობის და ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფრენკმა სასურველ შედეგს მიაღწია და ლუიზიანას შტატში გენერალური პროკურორის თანაშემწის პოსტზე დანიშვნა, თუმცა, რვათვიანი მუშაობის შემდეგ სამსახური დატოვა, რადგან ზედმეტად ცნობისმოყვარე კოლეგა, რომელიც მართლაც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, გაუთავებლად იმ კითხვებს უსვამდა, რომლებზეც მას პასუხი არ ჰქონდა.
* ექიმი -
ბრწყინვალე ინტუიციის წყალობით, ფრენკი ყოველთვის სწრაფად გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს და დროებით უარს ამბობდა ჩვეულ საქმიანობაზე. იძულებითი პაუზის აღება მოუწია აბიგნეილს 1967 წლის ივლისის თვეშიც, როცა ჯორჯიის შტატის საავადმყოფოში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, პოლიციამ თითქმის შეძლო მისი დაკავება.
პედიატრად თავის გასაღება ჯორჯიაში ახლად ჩასულ აბიგნეილს ბინის ქირაობისას მოუწია, როცა ანკეტის შევსებისას პროფესიად ‘’ექიმი’’ მიუთითა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ პილოტად გაცნობის შემთხვევაში ბინის მფლობელი აუცილებლად შეამოწმებდა მის მონაცემებს Pan American-ს მონაცემთა ბაზაში, მერე კი, მეზობელს დაუმეგობრდა, რომელიც მართლაც ექიმი აღმოჩნდა და სწორედ მან მიიწვია აბიგნეილი კლინიკაში სამუშაოდ, სადაც ფრენკი მეტწილად ადმინისტრაციულ განყოფილებაში საქმიანობდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის მოხერხებულად აბარებდა საკუთარი მოვალეობებს იმ მედიკოს სტუდენტებს, რომლებიც კლინიკაში გადიოდნენ სტაჟირებას.
* ლექტორის ასისტენტი -
მოგვიანებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომის გაყალბებით აბიგნეილმა იუტას შტატში, ბრიგან იანგის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც მთელი სემესტრის მანძილზე კითხულობდა ლექციებს სოციოლოგიაში. მართალია, ფრენკს წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო სოციოლოგია, მაგრამ ყოველდღე რამდენიმე აბზაცის სახელმძღვანელოდან ამოკითხვით, მშვენივრად გაართვა თავი ლექტორობას, თუმცა, პედაგოგობაც სწრაფად მობეზრდა და ისევ ძველ, კარგად ნაცნობ პროფესიას - პილოტობას დაუბრუნდა.
* დაპატიმრება -
მრავალი პროფესიის მოსინჯვისა და უამრავ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, 1969 წელს ებიგნეილი მაინც დააპატიმრეს საფრანგეთში. ამჯერად ფრენკს არ გაუმართლა , რადგან Air France-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამოიცნო და პოლიციას შეატყობინა.
დაპატიმრების შემდეგ, აბიგნეილის გადაცემა 12 ქვეყანამ მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ მაინც საფრანგეთის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, რომელმაც ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საფრანგეთიდან აბიგნეილმა შვედეთის ციხეში გადაინაცვლა ექვსი თვით, მერე კი, იტალიაში ელოდა გამგზავრებას, თუმცა ამერიკელი სამართალდამცავების კატეგორიული მოთხოვნით პირდაპირ სამშობლოში დაბრუნდა.
სხვათა შორის, მოხერხებულმა აბიგნეილმა შვედეთიდან ამერიკაში ექსტრადიციის დროსაც მოახერხა თვითმფრინავიდან გაპარვა და მართალია, დაზოგილი 20 ათასი დოლარით ბრაზილიაში გეგმავდა გაქცევას, მაგრამ ვეღარ მოასწრო ჩანაფიქრის განხორციელება, რადგან ბეწვზე მიუსწრო პოლიციამ და აეროპორტში, პირდაპირ ბილეთების რიგში დააკავა.
* მორიგი გამართლება -
სამშობლოში დაბრუნებულ აბიგნეილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის პირობით, ოთხ წელიწადში დატოვა ციხე. სხვათა შორის, ფრენკი ერთადერთი არასრულწლოვანი კანონდამრღვევი გახდა, ვინც ჯერ ფედერალური ბიუროს ‘’ყველაზე საშიში კრიმინალების’’ ნუსხაში მოხვდა, მერე კი, ერთადერთი გასამართლებული ბოროტმოქმედი, ვინც ამავე ორგანიზაციამ თანამშრომლობის სანაცვლოდ გაათავისუფლა ციხიდან.
* ლეგალური საქმიანობა -
ფედერალურ ბიუროზე რამდენიმეწლიანი იძულებითი მუშაობის შემდეგ, აბიგნეილი არა მხოლოდ სასჯელისგან, არამედ სამსახურიდანაც გათავისუფლდა. მართალია, უმუშევრად დარჩენილმა ფრენკმა ხან მზარეულობა სცადა, ხან კინომექანიკოსობა, მაგრამ ყოფილი პატიმრის სამსახურში მიღება არავინ მოინდომა, თუმცა აბიგნეილმა მაინც არ დაიხია უკან და მეტად არასტანდარტული წინადადებით მიმართა ერთ-ერთი ბანკის მმართველს, რომელსაც ჯერ გულახდილად მოუთხრო საკუთარ წარსულზე, მერე კი, 500 დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა თაღლითობის და დოკუმენტების გაყალბების ყველა შესაძლო ვარიანტის ჩვენება. ფრენკის მიერ წარდგენილი ტრიუკები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბანკირისთვის, რომ მან არა მხოლოდ ჰონორარი გადაუხადა, არამედ სხვა ბანკებთანაც გაუწია რეკომენდაცია, რამაც ფრენკს უსაფრთხოების სფეროში აბსოლუტურად ლეგალურად მუშაობის საშუალება მისცა.
1980-იან წლებში ფრენკმა საკუთარი კომპანია Abagnale & Associates დააარსა, რომელიც დღესაც წარმატებით უწევს კონსულტაციას მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციებს, ‘’აბიგნეილის დაცვის პროგრამით’’ კი, 14 ათასზე ზე მეტი კომპანია სარგებლობს. ამასთანავე, ფრენკი საკუთარ ქაღალდს Frank W Signature Watermark Safety Paper აწარმოებს, რომელიც დაცვის უნიკალური ელემენტებით გამოირჩევა და ჩეკების, ბილეთების, საშვების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების ბეჭდვისას გამოიყენება.
წარმატებით აგრძელებს აბიგნეილი თანამშრომლობას ფედერალურ ბიუროსთანაც, კითხულობს ლექციებს და სრულიად ლეგალურად ღებულობს შემოსავალს საკუთარი ბიზნესით. მეტიც, დღეს ყოფილი თაღლითი, რომელსაც ვერასდროს წარმოედგინა კანონიერად ცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ექსპერტი და უმდიდრესი ადამიანია ამერიკაში.