* კაილი მინოუგი -
ამბობენ, ‘’ადამიანი მაშინ მოიპოვებს ნამდვილ პოპულარობას, როცა პუბლიკა მხოლოდ სახელით მოიხსენიებსო’’, სწორედ ასეთი ვარსკვლავების რიცხვს მიეკუთნება კაილი მინოუგი, რომელმაც არა მხოლოდ უამრავი კომპოზიცია ჩაწერა და რამდენიმე პრესტიჟული პრემია დაიმსახურა, არამედ გინესის რეკორდსმენი და ყველაზე ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი გახდა.
* მსახიობის კარიერა -
მართალია, მინოუგი ადრეული ბავშვობიდანვე ჩაება შოუბიზნესის ინდუსტრიაში, მაგრამ ცოტა განსხვავებული ამპლუით. კარიერა მომავალმა პოპ-ვარსკვლავმა ტელევიზიაში დაიწყო, როცა 10 წლისამ ავსტრალიური სერიალის ‘’სალივანების ოჯახის’’ რვა ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, 17 წლისა კი, პოპულარულ ტელენოველაში ‘’ჰენდერსონის შვილებში’’ მიიწვიეს, თუმცა მისი პერსონაჟი რამდენიმე სერიის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს, რადგან მინოუგიმ ვერაფრით შეძლო ტექსტის დამახსოვრება და მუდმივად ურევდა რეპლიკებს.
თუმცა კაილიმ მაინც არ დაიხია უკან და 1986 წელს სერიალის ‘’მეზობლების’’ დასს შეუერთდა შარლინ რობინსონის როლით, რომელსაც მთელი 2 წელი ასრულებდა. სხვათა შორის, სწორედ პოპულარულ შოუში გამოჩნდნენ პირველად ისეთი ვარსკვლავები, როგორიც რასელ კროუ, ლიამ ჰემსვორტი, მარგო რობი და ნატალი იმბრულიაა.
* Can’t Get You Out Of My Head -
მინოუგის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი Can’t Get You Out Of My Head, რომელმაც 2001 წელს მოიპოვა პოპულარობა, სინამდვილეში ჯგუფისთვის S Club 7-ისთვის შეიქმნა, თუმცა კეტი დენისისა და რობ დევისის კომპოზიცია ჯერ ჯგუფის მენეჯერმა საიმონ ფულერმა დაიწუნა, მერე მომღერალმა სოფი ელის-ბექსტორმა, მიუნოგიმ კი პირიქით, ერთი მოსმენით შეიყვარა და სიამოვნებით დათანხმდა მის ჩაწერას. თუმცა, უარი თქვა დენისის კიდევ ერთ კომპოზიციაზე Toxic-ზე, რომელიც ბრიტნი სპირსმა მოიწონა და პრაქტიკულად საკუთარ სავიზიტო ბარათად აქცია.
* Impossible Princess -
1997 წელს მინოუგიმ მეექვსე ალბომი Impossible Princess გამოუშვა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მანამდე ჩაწერილი ალბომებისგან, რადგან ტრადიციული დისკოსა და პოპ-მუსიკის ნაცვლად, ახალ ნამუშევარში მუსიკოსმა მეტწილად ტექნოს, ბრიტ-პოპისა და ფოლკის სტილის კომპოზიციები გააერთიანა.
მონდომების მიუხედავად, მუნოუგის ექსპერიმენტები საკმაოდ ნეგატიურად შეფასდა. კრიტიკოსთა ნაწილმა მუსიკოსი ‘’თავხედობისა და ზედმეტ ამბიციურობაში’’ დაადანაშაულა, რადგან ‘’აბსოლუტურად უცხო ტერიტორიაზე მოინდომა დამკვიდრება’’. მკაცრმა შეფასებამ ისე დაწყვიტა კაილის გული, რომ კარიერის დასრულებასაც კი გადაწყვიტა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ კრიტიკოსებთან ერთად მელომანებმაც შეიცვალეს აზრი. მეტიც, დღეს Impossible Princess მინოუგის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნამუშევრად ითვლება.
* გინესის რეკორდების წიგნი -
გინესის რეკორდსმენი მინოუგი საკუთარი ალბომების წარმატების წყალობით გახდა, რადგან 20 წლის მანძილზე მისი რვა ალბომი გახდა ბრიტანული ჩარტის ლიდერი. აღიარება მუსიკოსს 1988 წელს ჩაწერილმა სადებიუტო ნაკრებმა Kylie-მ მოუტანა, რასაც ერთი წლის შემდეგ ალბომი Enjoy Yourself, 1990-იანი წლების დასაწყისში კი, ერთგვარი შემაჯამებელი Greatest Hits მოჰყვა.
ნაყოფიერი აღმოჩნდა მინოუგისთვის 2000-იანი წლების დასაწყისიც, როცა ჯერ ალბომმა Fever მოიპოვა ჰიტ-აღლუმის ლიდერობა, 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ კი, Aphrodite იქცა მსმენელის ფავორიტად. წარმატებით აღინიშნა მუსიკოსმა 2020-იანი წლებიც, როცა მისი სამი კრებული - Golden, Step Back in Time: The Definitive Collection და Disco დაწინაურდა ბრიტანული ჩარტში.
* დაძლეული სენი -
უმძიმესი აღმოჩნდა მინოუგისთვის 2005 წელი. მედიკოსებმა საგასტროლო ტურის დროს დაუდგინეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რამაც მუსიკოსს ტურნეს შეწყვეტა და დაგეგმილი კონცერტების რამდენიმე წლით გადადება აიძულა. საბედნიეროდ, კაილიმ წარმატებით დაძლია ავადმყოფობა და საკუთარი მაგალითით მოუწოდა ქალბატონებს რეგულარული პრევენციული კვლევების ჩატარებისკენ.
სხვათა შორის, მკურნალობის პერიოდში, რასაც მძიმე დეპრესიაც დაემატა, მუსიკოსს არც უფიქრია საკუთარი ტრაგედიით სპეკულირება და ნაღვლიანი კომპოზიციების ჩაწერა, პირიქით, მძიმე სენთან ბრძოლის ერთგვარ შემოქმედებით შეჯამებად მეტად ხალისიანი და ოპტიმისტური ალბომი X იქცა, რომელიც მინოუგიმ 2007 წელს გამოუშვა.
* Agent Provocateur –
2001 წელს მუსიკოსი ბრიტანული ბრენდის Agent Provocateur-ის მეტად პიკანტურ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. მინოუგიმ, რომელსაც საკმაოდ სერიოზული სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა, ბრწყინვალედ გაართვა თავი მისიას და კომპლიმენტებიც დაიმსახურა. მართალია, პროვოკაციული შინაარსის გამო ვიდეოს ტელევიზიით ჩვენება აიკრძალა, მაგრამ არნახული პოპულარობა მოიპოვა YouTube-არზე, თავად მინოუგი კი, საუკეთესოდ დასახელდა იმ ვარსკვლავებს შორის, ვისაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია სარეკლამო რგოლში.
* მადამ ტიუსოს მუზეუმი -
მადამ ტიუსოს ლონდონის მუზეუმში მინოუგის ერთდროულად ოთხი ცვილის ფიგურაა გამოფენილი. მსგავსი შედეგით მხოლოდ ბრიტანეთის დედოფალი - ელისაბედ მეორე თუ დაიკვეხნიდა, მუსიკოსის მშობლიურ მელბურნში, ოკეანის სანაპიროზე კი, მისი სიმაღლის ბრინჯაოს ძეგლი დაიდგა, რომელიც ფანებმა ერთგვარ კერპად და თავშეყრის საყვარელ ადგილად აქციეს.
* ოქროს ‘’შორტი’’ –
გასულ წელს მელბურნის კულტურის ინსტიტუტმა დოკუმენტური ფილმი Kylie: Behind The Seams გამოუშვა მინოუგის ყველაზე ეფექტურ და დასამახსოვრობელ კოსტიუმებზე. ფილმის ერთ-ერთი ნაწილი ქვესათაურით Golden, მუსიკოსის ცნობილ ოქროს ‘’შოტრებს’’ მიეძღვნა სიმღერის Spinning Around-ის კლიპიდან. სხვათა შორის, მელბურნის მუზეუმი მინოუგის კოლექციის საკმაოდ სოლიდური კოლექციის მფლობელია, რომელმაც 100-ზე მეტი კოსტიუმი გააერთიანა.