სომალის შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” გაერო-ს ვერტმფრენი გაიტაცა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. სომალიში გაერო-ს მისიამ დაადასტურა, რომ მოხდა საავიაციო ინციდენტი გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებდა. გაერო-ს მისია „ალ-შაბაბს“ არ ახსენებს, მაგრამ აცხადებს, რომ "მიმდინარეობს რეაგირების მცდელობები". ინციდენტის შესახებ გაერო-ს დოკუმენტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი ქალაქ დუსამარებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში ავარიულად დაეშვა, ბორტზე მყოფი ადამიანები კონტრაქტორები იყვნენ და არა გაერო-ს თანამშრომლები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მგზავრი, ორი კი გაიქცა.