ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ 1 მილიონ ჭურვს მიმდინარე წლის მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ვაჭრობისა და სერვისების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გაზარდა საბრძოლო მასალის წარმოება, თუმცა ასევე საჭიროა წევრმა ქვეყნებმაც გაზარდონ ზეწოლა თავიანთ თავდაცვის მრეწველობაზე, რათა ყველაფერი, რაც ევროპაში იწარმოება უკრაინაში იყოს. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მწარმოებლები ზოგჯერ მიუთითებენ ახლო აღმოსავლეთის და სხვა ქვეყნების კონტრაქტებზე, მაგრამ წევრი ქვეყნებისთვის პრიორიტეტი უკრაინისთვის მიწოდება უნდა იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ თებერვალში ევროკომისიამ უნდა დაასრულოს სტრატეგიის შემუშავება, რომელიც როგორც საბრძოლო მასალის წარმოების დაჩქარებას, ასევე მთელი ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას მოიცავს.