ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობენ. „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება. ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში ახორციელებს. უწყების განცხადებით, გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ათობით მებრძოლი. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას მათი 186-ე სამხედრო დაიღუპა. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურიც, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.