ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს აძლიერებს. თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში ახორციელებს. უწყების განცხადებით, გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ათობით მებრძოლი. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას მათი 186-ე სამხედრო დაიღუპა. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურიც, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი. პარალელურად, საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობენ.