ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს ცნობით, 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. რაც შეეხება პარტიას , რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის პირობას, 1 იანვრიდან 15 ივლისამდე პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პირველ აგვისტომდე კი ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.