აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფება. ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ თელ-ავივში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს შეხვდა. კაცმა ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ომის დასრულება სჭირდება, რათა მძევლების დაბრუნება და ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, სახლებში ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ. ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონს მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს.