საქართველო, მოხმარებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის თითქმის მთელ მოცულობას წელსაც აზერბაიჯანიდან მიიღებს. ქვეყნისთვის დაგეგმილი ბუნებრივი აირის საიმპორტო მოცულობა წელს 3 მილიარდ 217 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 3 მილიარდ 17 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იქნება. ინფორმაციას სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2024 წლისთვის საქართველოს ბუნებრივი აირის ბალანსი 3 მილიარდ 231 მილიონი კუბური მეტრით არის შეფასებული, ხოლო ამ მოცულობის 99,6% იმპორტის წილია. აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსთვის 200 მლნ კუბური მეტრი გაზის მიწოდება რუსეთიდან იგეგმება. 2023 წელს, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდება 2 მილიარდ 858 მილიომნ კუბურ მეტრ მოცულობაზე იყო პროგნოზირებული. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 2,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ექსპორტირებული, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობაზე, 13,6%-ით მეტია.