აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდოს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.