"ქართული ოცნების" წესდებაში მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც პარტიის სტრუქტურას ემატება - პარტიის საპატიო თავმჯდომარე. პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაცგანსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქვეყნის და პარტიის წინაშე“. ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები, მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.