ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 73 პალესტინელი დაიღუპა, 99 კი დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს. ამასთან, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს. პარალელურად, საერთაშორისო ლიდერები ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ოფიციალური პირები ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას ჰოსპიტალის მონახულების შემდეგ აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრები უფრო მეტად დაცული უნდა იყოს.