რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კრივი რიჰში მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი შენობები და კერძო სახლები.
კულებას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება ქალაქ ნოვომოსკოვსკშიც.
„დაშავებულია 24 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დაზიანებულია კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. ყველა ადამიანს საჭირო დახმარებას უწევენ“, - აღნიშნა ალექსეი კულებამ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქსაც დაარტყეს. ქალაქ ხარკოვში დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. ადგილზე მობილიზებულია კომუნალური სამსახურები და თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
ამასთან, ქალაქ ზმიევში ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კულებას ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებზეც.