ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი ემსხვერპლა, 256 ადამიანი კი დაშავდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ისრაელის იერიშის სამიზნე ქალაქი ხან-იუნისი, ასევე მაღაზის, დეირ ელ-ბალას და ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკები გახდა. 7 000 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის 85 პროცენტი, 1.9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ისრაელის არმია სამხედრო მოქმედებებს და საჰაერო დარტყმებს ზავაიდაში აძლიერებს, რათა თავის ძალებს ცენტრალური ღაზაში შესაჭრელად გზა გაიხსნას. ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში 22 722 ადამიანი დაიღუპა, 58 166 კი დაშავდა.