საქართველოში 7 იანვარს მაცხოვრის შობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით აღევლინება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთ მრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც. ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება. ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 12 საათზე დაიწყება. მათივე ცნობით, ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს.