გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა. იგი ასევე ამბობს, რომ სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ. გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, ღაზას სექტორში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებულ პირობებში ყოველდღიურად დაახლოებით 180 ქალი მშობიარობს. გაერო-ს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლების გათავისუფლება მოითხოვა.