იაპონიაში მაშველები დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 242 ადამიანს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონიის თავდაცვის ძალებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა გააორმაგეს და 4 600-მდე გაზარდეს. ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, ბევრი ადამიანი, ძირითადად ქალაქ სუზუსა და ვაჯიმაში, დანგრეული სახლების ქვეშაა მოყოლილი. ათობით ათასი მოსახლე კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, ასობით ადამიანი კი მეწყრის და გადაკეტილი გზების გამო დახმარების მიღებას ვერ ახერხებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მაშველებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ, რათა დაზარალებულ მოსახლეობამდე მიაღწიონ. ნოტოს ნახევარკუნძულზე 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა.