ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. მედიის ცნობით, მაშველები რამდენიმე საათია, ვაგონებს შორის მოყოლილი ორი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელს აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია. სასწრაფო დახმარების მანქანები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ეკიპაჟის წევრები იყვნენ. მატარებლებში სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ. სარკინიგზო ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.