რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა სხდომა 10 იანვარს ჩანიშნა. ნატოს სპიკერის, დილან უაიტის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება. რუსეთის მასობრივი დარტყმების საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.