ღაზის სექტორის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ოთხშაბათს ღაზას სამხრეთით მდებარე საავადმყოფოსთან საარტილერიო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ძლიერი აფეთქება მოხდა ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 22 300 ადამიანს გადააჭარბა.