ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,"ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი შეარბილა. ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნეთანიაჰუ მიანიშნებს, რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასი” აცხადებს, რომ მძევლებს მხოლოდ საკუთარი პირობებით გაათავისუფლებს. გამოცემის ცნობით, დაჯგუფების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ „ჰამასის“ პოზიცია ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებს გააცნო. პარალელურად, საერთაშორისო ლიდერები ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ და კონფლისტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.