დონალდ ტრამპმა მეინის შტატის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის, შენა ბელოუსის განჩინების გაუქმებას ითხოვს. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, ბელოუსის გადაწყვეტილება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები საჩივარში მიუთითებენ, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიიღო. მანამდე ტრამპს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა კოლორადოს შტატში აუკრძალეს. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზად ტრამპის მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზება დასახელდა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე მიზნად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის ჩამოშორებას ისახავს.