რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა გასულ 24 საათში, უკრაინაზე 89 სარაკეტო და 72 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 48-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინაში, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა. ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, სკოლის შენობა განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების რაკეტა ორსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. აფეთქების ტალღამ მიმდებარე რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაამსხვრია. უკრაინის ქალაქებზე, ოკუპანტების გაძლიერებულ თავდასხმებს “ეუთო” და ევროკავშირი გმობს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს. შეგახსენებთ, 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.