ლიბანში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ დარჩება.
„ომის ფონზე, ეს არის სახიფათო მოვლენა მტერსა და წინააღმდეგობის ღერძს შორის. ეს უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის. წინააღმდეგობის მოძრაობას თითი ჩახმახზე უდევს“, - აცხადებენ „ჰეზბოლაში“.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სალეჰ ალ-არურის მკვლელობის გასაპროტესტებლად რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ასობით პროპალესტინელი მომიტინგე შეიკრიბა.