უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალები მოსახლეობას დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათივე ცნობით, მეორე დღეა რუსული ძალები უკრაინის დასახლებებს ინტენსიურად ბომბავენ. 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა. გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ხალედ ხიარმას განცხადებით, რუსეთმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა ჩაიდინა და ახლა უკრაინის მოქალაქეები იძულებულნი არიან არდადეგები, ყინვის ფონზე, თავშესაფრის ძებნაში, ნანგრევების გასუფთავებასა და გარდაცვლილების დაკრძალვაში გაატარონ.