გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო.
„ტრაგიკულად, 2023 წელი მთავრდება ისე, როგორც დაიწყო, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობით. კიდევ ერთხელ უკრაინელები იძულებულნი არიან არდადეგები, ყინვის ფონზე, თავშესაფრის ძებნაში, ნანგრევების გასუფთავებასა და გარდაცვლილების დაკრძალვაში გაატარონ“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ხიარმა.
„მშვიდობის ნაცვლად, პუტინმა სადღესასწაულო სეზონისა და ახალი წლის დაწყების აღნიშვნა გაერო-ს სხვა წევრ სახელმწიფოზე დრონებით უპრეცედენტო შეტევებითა და სარაკეტო დარტყმებით გადაწყვიტა. ჩვენ ველით რუსეთის განცხადებას, რომ იგი თავს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებები მთელი მსოფლიოსთვის ნათელია “, - აღნიშნა აშშ-ის მინისტრ-მრჩეველმა, ჯონ კელიმ. გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაუმიზნა და სამოქალაქო მსხვერპლი უკრაინის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.