უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ანჯეი დუდამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა. საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანჯეი დუდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, გენერალური შტაბის უფროსს და შეიარაღებული ძალების სარდალს შეხვდება. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის იაცეკ ჰორისევსკის განცხადებით, უცნობი ობიექტი ზამოსცის მიდამოებში დაფიქსირდა.