გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს დაამტკიცებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კრისტიან ვაგნერის განცხადებით, კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა 2024 წელს უკრაინას 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწოდებს. მისივე თქმით, ბერლინი მომავალი წლის დასაწყისში ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის დასამტკიცებლად “აქტიურ კამპანიას” გააგრძელებს. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პოზიციისთვის გვერდის ავლის საშუალებას ეძებდნენ. ლიდერებმა სარეზერვო ვარიანტი შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სახსრების გადაცემას ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა შეძლებენ.