ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები ჩაატარა. ამ დროისათვის, ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ალ-ნუსეი-რათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი ლიბანში მოქმედ დაჯგუფებას, “ჰეზბოლას“ აფრთხილებს, რომ თუ მათი მხრიდან თავდასხმები არ შეწყდება, ისრაელი ლიბანში შეიჭრება და დაჯგუფების ობიექტებს დაარტყამს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია და იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. მისივე თქმით, მიუღებელია როგორც ტერაქტების გამართლება, ასევე მათზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით პასუხის გაცემა.