საქართველოში 15-29 წლის შრომისუნარიანი მოსახლეობის 30% უმუშევარია. ამ ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 608 400 კაცს შეადგენს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასული წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც აქედან სამუშაო ძალას 269 600 კაცი წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს იყო იმ შრომისუნარიან ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ან დასაქმებული იყვნენ, ან აქტიურად ეძებდნენ სამსახურს და მზად იყვნენ მუშაობის დასაწყებად. ხოლო დანარჩენი 338 800 ადამიანს სხვადასხვა გარემოებების გამო მუშაობა არ შეეძლო (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პატიმარი იყო) ან არ ეძებდა სამსახურს (მაგალითად, სკოლის მოსწავლეები). შესაბამისად, შრომისუნარიანი მოსახლებიდან 81 ათასი, ანუ 30% უმუშევარი იყო. საქსტატის მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ გასულ წელს 15-29 წლის 608 400 მოქალაქიდან ხანგრძლივი დროით უმუშევარი იყო - 22 800 კაცი. ცნობისთვის, ხანგრძლივი დროით უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც უმუშევარია 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი დროით უმუშევართა წილი ზოგადად უმუშევრებში 28.2%-ს შეადგენდა.