რა საფრთხე ემუქრება მსოფლიო სურსათის მარაგს 2024 წელს. ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით სურსათის ფასების ზრდამ ფერმერები აიძულა, მეტი მარცვლეული დათესონ და პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაზარდონ, მაგრამ 2024 წლისთვის, ეს საკითხი კიდევ უფრო გართულდება, რადგან Reuters-ის ინფორმაციით, შემდეგი წელი გამორჩეული იქნება გვალვით, ექსპორტის შეზღუდვებით და ბიოსაწვავის მაღალი მანდატებით. სოფლის მეურნეობის საბროკერო კომპანია IKON Commodities-ის შეფასებით, მიმდინარე წელს მარცვლეულის მიწოდების საერთო სურათი გაუმჯობესდა, რადგან საკვანძო ლოკაციებზე შედარებით დიდი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ არის მოგვარებული. მათი ინფორმაციით, ბრაზილია სიმინდის წარმოებას ამცირებს, ხოლო ჩინეთი ძალიან დიდი რაოდენობის ხორბლისა და სიმინდის შეძენას აპირებს. საქმე იმაშია, რომ მეცნიერები „ელ-ნინიოს“ ფენომენზე საუბრობენ, რომელიც ანომალიურ, გლობალურ კლიმატურ მოვლენას წარმოადგენს, რა დროსაც, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ხდება. იგი სამ, ან შვიდ წელიწადში ერთხელ, ცივი დინების გაქრობის შემდეგ ვლინდება და მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ჩვეულებრივ თავს დეკემბერში იჩენს და მომდევნო პერიოდის ამინდზე აისახება. სწორედ აღნიშნული ფენომენის გამო, აზიის დიდ ნაწილში, გვალვებია მოსალოდნელი, რაც 2024 წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება და საფრთხეს შეუქმნის ბრინჯის, ხორბლის, პალმის ზეთის და სხვა ფერმერული პროდუქტების მარაგს მსოფლიოს ზოგიერთ წამყვან სოფლის მეურნეობებში. 2024 წლის პირველი ნახევრიდან, ასევე შემცირდება ბრინჯის წარმოება, რადგან მშრალ პირობებში გაუჭირდებათ უკვე არსებული ბრინჯის შენახვა და ახლის მოყვანა. საგულისხმოა ისიც, რომ ბრინჯის ფასი, რომელიც წელს დაფიქსირდა, ბოლო 15 წლის განმავლობაში 40%-45%-ით არის გაზრდილი.