* All I want for Christmas is you: საშობაო სიმღერის ისტორია -
რა თქმა უნდა, კომპოზიციაზე All I Want for Christmas Is You მუშაობისას მერაი ქერის იმედი ჰქონდა, რომ მის ნამუშევარს პუბლიკა მოიწონებდა, მაგრამ ვერც წარმოიდგენდა, რომ სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო ჰიტი გახდებოდა. მეტიც, კომპოზიცია მთელი ხუთი წელი ლიდერობდა Billboard Hot 100-ის ჩარტში და ერთადერთი საშობაო თრეკი გახდა, რომელმაც ასე დიდხანს შეძლო პირველობის შენარჩუნება.
* * *
1993 წელს სამი კომერციულად წარმატებული რელიზის შემდეგ, Columbia Records-ის პროდიუსერებმა მერაია ქერის საშობაო ალბომის ჩაწერა შესთავაზეს, რომელიც აუდიტორიის გაფართოებისა და მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. მართალია, ქერი ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა პროდიუსერთა შეთავაზებას, რადგან ჩვეულებრივ, საშობაო ალბომებზე მუსიკოსები კარიერის დასასრულს იწყებენ მუშაობას და არა აღმავლობის პერიოდში, მაგრამ მაინც დათანხმდა, რადგან ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა შობის დღესასწაული.
როგორც წესი, ქერი დამოუკიდებლად მუშაობდა სიმღერების შექმნაზე, თუმცა ამჯერად ავტორობა უოლტერ აფანასიევთან გაინაწილა, რომელიც მანამდე უითნი ჰიუსტონთან და სელინ დიონთან თანამშრომლობდა. კომპოზიტორმა, რომელიც მეტწილად კომპოზიციის ჟღერადობაზე აგებდა პასუხს, მოგვიანებით გაიხსენა, რომ 15 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სიმღერის შესაქმნელად, რადგან ‘’All I Want for Christmas Is You - საკმაოდ მარტივი, შაბლონური ნაწარმოებია განსაკუთრებული მუსიკალური აღმოჩენების გარეშე’’.
სიმღერა ცოცხალი ინსტრუმენტებისა და მუსიკოსების გარეშე, მხოლოდ სინთეზატორისა და სექვენსორის გენერირებით ჩაიწერა, ტექსტი კი, ქერიმ ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში დაწერა, რომელიც საშობაო ატრიბუტებით გააფორმა შესაბამისი განწყობის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია არა ზამთარში, არამედ ზაფხულში, აგვისტოს თვეში შეიქმნა.
* * *
ალბომი Merry Christmas 1994 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა, კომპოზიციამ All I Want for Christmas Is You კი, რომელიც პირველ სინგლად გამოიცა, ყველასთვის მოულოდნელად მოიპოვა პოპულარობა და ისე სწრაფად იქცა ჰიტად, რომ ჟურნალ Billboard-ისთვის ინტერვიუში ქერიმ თვითონაც გულწრფელად გაიკვირვა მისი წარმატება.
მეორედ დაბადება კომპოზიციამ, რომელიც რამდენიმე თვე ლიდერობდა Billboard-ის Hot Adult Contemporary-სა და Hot 100 Airplay-ის ჩარტებში, 2003 წელს აღნიშნა, როცა რიჩარდ კერტისის მელოდრამის ‘’რეალური სიყვარულის’’ საუნდთრეკში მოხვდა. მართალია, ფილმში კომპოზიცია არა ქერიმ, არამედ ახალგაზრდა მსახიობმა ოლივია ოლსონმა შეასრულა, მაგრამ სწორედ საშობაო მელოდრამამ შეუწყო ხელი გასულ საუკუნეში შექმნილი ჰიტის ახალ ასწლეულში პოპულარობას. სიმღერამ, რომელიც 27 წლის მანძილზე 16 მილიონზე მეტ ასლად გაიყიდა, გვარიანად გაამდიდრა ავტორებიც. მეტიც, ყოველი წლის დეკემბერში ქერის საშუალოდ 700-ათასიანი გარანტირებული შემოსავალი აქვს, რაც ბრწყინვალე საჩუქარია საშობაოდ.
2010 წელს The Daily Telegraph-მა სიმღერას All I Want for Christmas Is You ათწლეულის ყველაზე გაყიდვადი საშობაო თრეკის სტატუსი მიანიჭა, Rolling Stone-მა კი, ‘’სადღესასწაულო სტანდარტი’’ უწოდა და მეოთხე პოზიციით დააწინაურა ‘’ყველა დროის საუკეთესო საშობაო კომპოზიციების’’ რეიტინგში. 2019 წელს სიმღერამ ერთდროულად სამი რეკორდი დაამყარა - საუკეთესო სადღესასწაულო ბესტსელერი, 24 საათის მანძილზე ქალბატონების მიერ ყველაზე ხშირად მოსმენილი თრეკი გახდა და UK Singles Chart Top 10-ის ყველაზე აქტუალური კომპოზიციის სტატუსი მოიპოვა, რომელმაც ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პოპულარობა.
კომპოზიციის სწორედ ამგვარი გავლენის წყალობით შეიძინა მერაია ქერიმ ‘’შობის დედოფლის’’ სახელი, რაც მუსიკოსმა მაქსიმალური სარგებლით გამოიყენა და კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი შემოსავალი. 2015 წელს საბავშვო წიგნი All I Want for Christmas Is You გამოსცა, რომელიც მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, 2017-ში კი, სიმღერისა და წიგნის მიხედვით შექმნილი ფილმი წარუდგინა პუბლიკას.
* * *
ჰიტის აქტუალურობის შესანარჩუნებლად მუსიკოსი რეგულარულად ანახლებს მის ვიზუალურ გაფორმებას. სიმღერის თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ქერიმ ოთხი კლიპი გადაიღო. განსაკუთრებით საინტერესო პირველი ვერსია - 8-მილიმეტრიან ფირზე გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა, რომელიც 1993 წლის შობის დღესასწაულს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ოპერატორისა და რეჟისორის ფუნქცია თავად ქერიმ იტვირთა, სანტა-კლაუსის როლი კი, მისმა პროდიუსერმა და ყოფილმა მეუღლემ ტომი მოტოლამ შეასრულა.
არანაკლებ საინტერესო გამოვიდა 1960-იანი წლების სტილში გაკეთებული შავ-თეთრი კლიპი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარული ჯგუფის The Ronettes-ის შემოქმედების შთაგონებით შეიქმნა. 2015 წელს მუსიკოსმა ანიმაციური ვერსია შესთავაზა პუბლიკას სიმღერის რემიქსზე, 2019 წელს კი, ალბომის Merry Christmas დელუქს-ვერსია გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეოთი, რომელშიც ძველი კლიპების მანამდე გამოუქვეყნებელი კადრები გაერთიანდა.
* * *
რა თქმა უნდა, ბევრი ინტერესდება, რამ განაპირობა სიმღერის ასეთი პოპულარობა. Vox-ის ჟურნალისტების მტკიცებით, მუსიკალური სტრუქტურით All I Want for Christmas Is You ძალიან ჰგავს კიდევ ერთი საშობაო ჰიტს - ფილ სპექტორის Baby Please Come Home-ს, ჯაზური აკორდები კი, რაც ერთგვარ ვინტაჟურობას მატებს კომპოზიციას ირვინგ ბერლინის White Christmas-დანაა ნასესხები. ასე რომ, All I Want for Christmas Is You-ს ავტორებმა საუკეთესო ისესხეს კლასიკური საშობაო ჰიტებიდან და პრაქტიკულად იდეალური სიმბიოზი შექმნეს.
ჟურნალ Vice-ს მუსიკალური მიმომხილველების აზრით კი, სიმღერის პოპულარობა მეტწილად სწორად შერჩეულმა ინსტრუმენტებმა განაპირობეს, რომელთაც ნოსტალგიისა და კომფორტის ატმოსფერო შექმნეს. ამასთანავე, სიმღერა მუდმივად პროგრესირებს - გლოკენშპილის ბგერებით იწყება, საეკლესიო ზარების რეკვით გრძელდება და კლასიკური საშობაო ზანზალაკების წკარუნით სრულდება. როგორც ჩანს, სწორედ ამ სამი ელემენტის როკ’ენ’როლის მოტივებთან გაერთიანებით შეიქმნა მელოდია, რომელმაც რწყინვალედ გადმოსცა სადღესასწაულო განწყობა.