ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყანა ღაზის სექტორში ოპერაციებს აფართოებს. უწყების ცნობით, ომი კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, „ჰამასის“ ბატალიონების დასაშლელად მზადაა. მისივე თქმით, ისრაელმა ბევრი ტერორისტისა და მათი ხელმძღვანელების ლიკვიდაცია მოახდინა, რამდენიმე ასეული კი ტყვედ აიყვანა. ჰალევი ხაზს უსვამს, რომ ისრაელი "ჰამასის" ხელმძღვანელობამდე აუცილებლად მიაღწევს. პარალელურად, ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 241 ადამიანი დაიღუპა, 382 კი დაშავდა. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მიმდინარე ომს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული უწოდა. საერთაშორისო ლიდერები, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა კატარის ამირასთან სატელეფონო საუბრისას მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხები განიხილა.