ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყანა ღაზის სექტორში ოპერაციებს აფართოებს. უწყების ცნობით, ომი კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, „ჰამასის“ ბატალიონების დასაშლელად მზადაა. მისი ინფორმაციით, ისრაელმა ბევრი ტერორისტისა და მათი ხელმძღვანელების ლიკვიდაცია მოახდინა, რამდენიმე ასეული კი ტყვედ აიყვანა. ჰალევი ხაზს უსვამს, რომ ისრაელი "ჰამასის" ხელმძღვანელობამდე აუცილებლად მიაღწევს. პარალელურად, ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 241 ადამიანი დაიღუპა, 382 კი დაშავდა. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მიმდინარე ომს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული უწოდა.