საქართველოში ლუდის მოყვარულებს გაუმართლათ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს მცირეალკოჰოლური სასმელი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით იაფია. კვლევაზე დაფუძნებული დასკვნა კი „გალთ ენდ თაგარტმა“ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს მოხმარება 133 მლნ ლიტრს მიაღწევს. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ, ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან. „ლუდის საშუალო ფასები ნედლეულის თვითღირებულების ზრდის გამო იზრდება. 2021-2023 წლებში ლუდის ფასი მზარდია, რაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად თვითღირებულების ზრდასაც უკავშირდება. საქართველოში წარმოებული ლუდის თვითღირებულების დაახლოებით 85%-ს იმპორტირებული ნედლეულის ფასი განსაზღვრავს, ხოლო გლობალური ფასების დინამიკა, ქართული კომპანიების მომგებიანობაზე მნიშვნელოვნად აისახება. ამის მიუხედავად, კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ლუდი რეგიონის ქვეყნებთან შეადრებით იაფია. საინტერესოა კიდევ ერთი მიგნება, რომელსაც კვლევაში ვეცნობით, რომლის თანახმადაც, დსთ-ს ქვეყნებში ლუდის იმპორტში რუსეთი საქართველომ ჩაანაცვლა. მართალია, საქართველოში წარმოებული ლუდის მხოლოდ 4% გადის ექსპორტზე, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან. ეს ქვეყნები ლუდს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობდნენ, 2022 წლიდან კი რუსული ლუდის იმპორტი ქართული წარმოების საერთაშორისო ბრენდებით ჩანაცვლდა. მიმდინარე წელს საქართველოში წარმოებული ლუდი 28 ქვეყანაში გავიდა. წლის ბოლომდე ექსპორტი, სავარაუდოდ, 8.5 მლნ დოლარს მიაღწევს.