სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას კრემლი ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს შობას ულოცავს და აცხადებს, რომ ის მასთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. პუტინის თქმითვე, მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, რუსეთსა და სერბეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციული სულისკვეთებით ვითარდება. პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთში რუსეთის ელჩთან, ალექსანდრე ბოკან-ჰარჩენკოსთან შეხვედრა გამართა. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.