თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
სხდომას ესწრება ექვსივე ბრალდებული: ლაშა ამირანაშვილი, მირიან სვანიძე, ელგუჯა ჩოხელი, ტატო ხუნდაძე, გიორგი ქიშმარია და ბექა ავსაჯანაშვილი.
ექვსი ბრალდებულიდან წარდგენილ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ სრულად ცნობს ხუთი პირი: ბექა ავსაჯანაშვილი ლაშა ამირანაშვილი, მირიან სვანიძე, ელგუჯა ჩოხელი და გიორგი ქიშმარია. ტატო ხუნდაძე კი, დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.