ჩეხეთის მთავრობამ, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. მედიის ინფორმაციით, შაბათს შუადღეს ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდარის გამოძიებაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ. მთავრობის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში შეიჭრა, 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელის განეიტრალება რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლო. შსს-ს ინფორმაციით, მოკლულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და მარტო მოქმედებდა.