საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 27% თურქეთზე მოდის. მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტი 35%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ უცხოეთში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალება იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი წამლის იმპორტის მოცულობა 372 მლნ დოლარს მცირედით აჭარბებდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თვეში, იმპორტირებული მედიკამენტების მეოთხედზე მეტი ერთ ქვეყანაზე - თურქეთზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ თურქეთში 136 მილიონ 288 ათასი დოლარის სამკურნალო საშუალებები შეიძინა. მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში საქართველოსთვის შედის ასევე შვეიცარია, გერმანია, უნგრეთი და საფრანგეთი. ოღონდ აქ საუბარია მხოლოდ დაფასოებულ მედიკამენტებზე. რაც შეეხება დაუფასოებელ სამკურნალო საშუალებებს, აქ უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების მაჩვენებელი განსხვავებულია. კერძოდ, 2023 წლის 11 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით დაუფასოებელი მედიკამენტი ინდოეთში შეიძინა - 3,113 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესაამეზე კი იტალია. ხუთეულში შედიან ასევე უკრაინა და ლატვია.