სავაჭრო ობიექტების დახლებზე დილაობით შესაძლოა პროდუქციის განახლებული ასორტიმენტი აღარ დაგხვდეთ. სწორედ ამ საფრთხეს ხედავენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში იმ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, რომელიც თბილისში , კონკრეტულ ქუჩებსა და დროის მონაკვეთში, დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში, დიდი გაბარიტის მქონე მანქანების გადაადგილება დილის 8-დან 11მდე და საღამოს ხუთიდან რვა საათამდე შუალედში იზღუდება. გადაადგილების აკრძალვა არ შეეხება ბეტონმზიდ და ნავთობპროდუქტების გადამზიდ ავტომობილებს. ასევე დროებითი გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო ავტომობილებისთვისაც, ისიც მხოლოდ დილის საათებში და საშეღავათო პერიოდი 2024 წლის პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს. სწორედ ამ საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ შიშობენ დისტრიბუტირები, რომ სავაჭრო და კვების ობიექტების მომარაგების თვალსაზრისით შესაძლოა პრობლემები შეიმნას. მაგალითად, დილით მაღაზიაში შესულ მომხმარებელს დახლზე ახალი პური, კვერცხი და რძე არ დახვდეს, რადგა დისტრიბუტორები პროდუქციის მიწოდებას მხოლოდ 11 საათიდან შეძლებენ. ასოციაციის წარმომადგენელი ვარაუდობენ, რომ ახალი კანონის გამო, კომპანიებს, კვების ობიექტებსა და მაღაზიებს, სრულიად ახალ სისტემაზე გადაწყობა მოუწევთ. სადისტრიბუციო კომპანიები იძულებული იქნებიან, ახალი კადრები დაიმატონ, რომლებიც ღამის ცვლაში იმუშავებენ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი ვერც საცობებს განტვირთავს, რადგან ქალაქში სადისტრიბუციო ავტომობილების რაოდენობა არც ისე დიდია.