თავისუფლების მოედანზე წრიული მოძრაობის სქემა, ორმხრივი ქუჩებით და ველობილიკებით შეიცვლება, მოედნის ცენტრალური ნაწილში კი სკვერი მოეწყობა. ამას ითვალისწინებს თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმა. 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის, დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ თბილისის ორი ცენტრალური ქუჩა - თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი ადამიანზე მორგებულ ადგილად უნდა გადაიქცეს. დანიურ კომპანიას დოკუმენტში მაგალითად მოყვანილი აქვს მსოფლიოს დიდი ქალაქები, სადაც მთავარი მოედნები, სწორედ რომ ფეხით მოსიარულეთათვის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. მათ შორის ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერი და ლონდონში ტრაფალგარის მოედანი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნახევრად საფეხმავლო გახდა. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსთაველის გამზირის უმეტესი ნაწილი დღეს ავტომობილებს ეთმობა, ქვეითები კი ტროტუარზე გადაადგილდებიან. ხოლო იმის გამო, რომ იქ სადაც შუქნიშანი არ არის ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ქვეითებს გამზირის გადაკვეთა ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებით უწევთ. ველობილიკები კი რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით, ველობილიკებით კიდეზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, სადაც ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს, რაც გულისხმობს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და ქუჩის უკეთეს განათებას. რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს. ნათქვამია დანიური კომპანიის მიერ მომზადებულ თბილისის სატრანსპორტო გენგეგმაში.