* იდი ამინ დადა -
მართალია, მსოფლიო ისტორია არასდროს უჩიოდა დესპოტი მმართველების სიმცირეს, რომელთაც ათწლეულების შემდეგაც მხოლოდ შიშითა და სიძულვილით იხსენებენ თანამემამულეები, მაგრამ განსაკუთრებით სასტიკმა ‘’კანიბალმა’’დიქტატორებმა - ზოგჯერ გადატანითი, ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით, მე-20 საუკუნეში მოიკიდეს ფეხი ე.წ. ‘’მესამე მსოფლიოს’’ - აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში და საკუთარი ახირებული, ხშირად შეშლილი მმართველობის სტილით გააოცეს სამყარო. გამონაკლისი არც შავი კონტინენტის უღარიბესი ქვეყანა - უგანდა გახდა, რომელსაც წლების მანძილზე ატერორებდა ნამდვილი კანიბალი იდი ამინ დადა.
* უგანდა 1970-იანი წლებში -
1971-1979 წლებში უგანდას ‘’შავ ჰიტლერად’’ წოდებული, ფელდმარშალი იდი ამინ დადა მართავდა, რომელიც არა თუ მალავდა, პირიქით ღიად გამოხატავდა საკუთარ სიმპათიას მესამე რაიხის ფიურერის მიმართ და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ მისი რვაწლიანი მმართველობა იქცა აფრიკის ისტორიის ყველაზე სისხლიან პერიოდად.
მართალია, კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანას ავტორიტარული ლიდერი ედგა სათავეში, მაგრამ სწორედ იდი ამინი იქცა სისასტიკისა და ბოროტების განსახიერებად, რადგან 10 ათასობით უდანაშაულო ადამიანს გაუსწორდა. თუმცა, ცივილურ დასავლეთში ამინს ყოველთვის არასერიოზულად, ერთგვარ კარიკატურულ პერსონაჟად აღიქვამდნენ, რადგან მისი აბსურდული მოთხოვნები ბევრს მხოლოდ ღიმილს ჰგვრიდა. სურვილები კი, დიქტატორს მართლაც ფანტასტიკური ჰქონდა, რადგან ჯერ დედოფლის ნაცვლად, ბრიტანეთის თანამეგობრობის ახალ მეთაურად დანიშვნა მოითხოვა, მერე გაერთიანებული ერების შტაბ-ბინის უგანდაში გადატანა მოინდომა, რადგან სწორედ საკუთარ ქვეყანას თვლიდა ‘’სამყაროს გეოგრაფიულ გულად’’.
ამინის ხელისუფლებაში მოსვლას ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ტომებს შორის გაღვივებულმა შუღლმა შეუწყო ხელი. უგანდა 40-ზე მეტი განსხვავებული სოციალური სტატუსის ტომის სამშობლოდ ითვლებოდა და ქვეყანაც ტომობრივ კავშირებად იყოფოდა, რომელთა ბელადები ყოველთვის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ, რითაც ვერასდროს დაიკვეხნიდა ოფიციალური მთავრობა. მართალია, დამოუკიდებელი უგანდის პირველმა პრემიერ-მინისტრმა მილტონ ობოტემ ქვეყნის გაერთიანება და ცივილურ კანონებს დამორჩილება სცადა, მაგრამ სამუდამოდ დაარღვია ისედაც მყიფე ტომობრივი წონასწორობა და ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია.
* პირველი ნაბიჯები -
სხვა დიქტატორების მსგავსად, არც იდი ამინ უდე დადას დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღია ცნობილი. სავარაუდოდ მომავალი დიქტატორი 1928 წლის 17 მაისს დაიბადა კობოკოში ან კამპალაში. მისი მამა - კავკას ტომის წარმომადგენელი ანდრე ნიაბირე ჯერ კათოლიკე იყო, მერე ისლამი მიიღო, დედა ასა აატე კი, ლუგბერას ტომს მიეკუთნებოდა და მართალია, სანიტრად მუშაობდა, მაგრამ სინამდვილეში, ტომის ექიმბაშად და მთავარ გრძნეულად ითვლებოდა.
როგორც ჩანს, როცა ანდრე ნიაბირეს და ასა აატეს 5-კილოგრამიანი გოლიათი იდი ავო-ანგუ ამინი შეეძინათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თითქმის 4 ათეული წლის შემდეგ სწორედ ის გახდებოდა უგანდის ერთპიროვნულ მმართველი. მართალია, ბიჭუნა, ასაკთან შედარებით ბევრად სწრაფად იზრდებოდა, რადგან ბუნებამ არ დაიშურა მისთვის ფიზიკური მონაცემები, მაგრამ სერიოზულად აზარალა ინტელექტუალურ განვითარებაში, რადგან იდი ამინმა 22 წლის ასაკშიც არ იცოდა წერა-კითხვა, თუმცა საოცრად ძლიერს სწორედ ფიზიკური მონაცემები დაეხმარა წარმატების მიღწევაში.
1946 წელს, 18 წლის იდი ამინი, რომელიც ტკბილი ორცხობილას გამყიდველად მუშაობდა, სამხედრო სამსახურით დაინტერესდა და კოლონიალურ არმიაში მსროლელთა დივიზიის მზარეულის თანაშემწედ მოეწყო, ერთ წლის შემდეგ კი, აფრიკელ მსროლელთა სამეფო დივიზიაში გადაინაცვლა და ჯერ სომალელ ამბოხებულებთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი, მერე მეზობელ კენიაში, სადაც ცნობილი აჯანყების ‘’მაუ-მაუს’’ ჩახშობას ცდილობდა და სწორედ იქ შეიძინა ‘’დადას’’ ზედმეტსახელი, რაც ადგილობრივ დიალექტზე ‘’და’’-ს ნიშნავს. ამინი ხშირად იცვლიდა საყვარლებს, ყველას საკუთარ დად ასაღებდა და სწორედ ამიტომ მიიღო ერთი შეხედვით შეუფერებელი მეტსახელი.
თანამებრძოლებსა და მეთაურებს ამინმა გამბედავ ახალგაზრდად დაამახსოვრა თავი, რადგან ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა აჯანყებულებს და არც კრივის რინგზე იხევდა უკან. მეტიც, ძალიან სწრაფად მოიპოვა ჩემპიონობა მძიმე წონით კატეგორიაში და მთელი ათი წელი არავის დაუთმო, ჯარში კი, ჯერ კაპრალის, მერე სერჟანტის, ბოლოს კი, ეფენდის წოდება დაიმსახურა, რაც დასავლურ სამყაროში უნტერ-ოფიცრის წოდებას უტოლდებოდა და ბევრი აფრიკელი მსროლელის აუხდენელ ოცნებად ითვლებოდა.
კოლონიალურ არმიაში მხოლოდ ევროპელები სარგებლობდნან ოფიცრის წოდებით, ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის ამინმა იმ მაქსიმუმს მიაღწია, რისი იმედიც აფრიკელ ჯარისკაცს უნდა ჰქონოდა ბრიტანულ არმიაში, რვაწლიანი სამსახურის შემდეგ კი, ორიდან ერთ-ერთი უგანდელი უნტერ-ოფიცერი გახდა, ვინც ლეიტენანტის სამხრეებიც დაიმსახურა.
* გზა მმართველობისკენ -
1962 წლის 9 ოქტომბერს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, უგანდის პრეზიდენტად ბუგანდას ტომის კაბაკა ანუ მეფე ედუარდ მუტესა მეორე გამოცხადდა, პრემიერ-მინისტრის პოსტი კი, ლანგოს ტომის წარმომადგენელმა მილტონ ობოტემ ჩაიბარა.
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადება პირველ რიგში, საკუთარი არმიის შექმნას გულისხმობდა, რომლის ფორმირება აფრიკელ მსროლელთა სამეფო დივიზიის მებრძოლთა დახმარებით გადაწყდა და უგანდელი მეთაურებიც იდი ამინის ჩათვლით სწრაფად შეუერთდნენ ახლად შექმნილ არმიას, სამოქალაქო ომის დროს კი, როცა ჯერ ბუგანდას და ლანგოს ტომებმა გააჩაღეს ომი ძალაუფლების მოსაპოვებლად, მერე დანარჩენებმა გამოთქვეს პრეტენზია და პრემიერ-მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს, ობოტე იძულებული გახდა დახმარებისთვის უგანდის არმიის მთავარსარდლის თანაშემწისთვის იდი ამინისთვის მიემართა, რომელიც ზუსტად მოერგო მის მოთხოვნებს, რადგან ნაკლებად განვითარებული და ქვეყნის შორეულ რეგიონში დაბინავებული კავკას ტომის წარმოამდეგენელი, ისლამს მისდევდა და ძალიან უჭირდა ინგლისურად ლაპარაკი, სამაგიეროდ ფიზიკურად ძლიერს და ენერგიულს, პროვინციული სიხისტესთან ერთად, თანდაყოლილი სიჯიუტეც საკმარისზე მეტი ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ამინმა ჩვეულებას არ უღალატა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მიიტანა იერიში სამეფო რეზიდენციაზე, თუმცა წინასწარ გაფრთხილებულმა მონარქმა გაქცევით უშველა თავს და კომფორტულადაც მოეწყო ბრიტანეთის დედაქალაქში, ამინი კი, გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვდა და ჯერ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღიჭურვა, მერე უგანდის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა ჩაიბარა, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო და საკუთარი გავლენა ისლამის მიმდევართა არმიაში ჩარიცხვით გააფართოვა.
მართალია, ობოტემ თავად შეუწყო ხელი ამინის გაძლიერებას, მაგრამ როცა მის მმართველობას შეექმნა საფრთხე, მთავარსარდლის ფუნქცია ჩამოართვა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაც საკუთარ თავზე აიღო, სპეცსამსახურებს კი, მისი კორუფციული გარიგებების გამოძიება დაავალა. ამინი მიხვდა, რომ ძველმა მეგობარმა უღალატა და 1971 წლის 25 იანვარს, სანამ ის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სინგაპურს, სიურპრიზად მოუწყო სახელმწიფო გადატრიალება, 2 თებერვალს კი, თვითნებურად ჩაიბარა უგანდის პრეზიდენტობა და მთავარსარდლის უფლებამოსილებაც დაიბრუნა.
* მისი უდიდებულესობა იდი ამინი -
ერთი შეხედვით შეზღუდული ინტელექტის, მდაბიო ამინი საკმაოდ მოხერხებული და გონებაგამჭრიახი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიო თანამეგობრობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ჯერ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა და ძალაუფლების სამოქალაქო მთავრობისთვის გადაცემის პირობა დადო, მერე მფარველობის და ფინანსური დახმარების მისაღებად ეწვია ბრიტანეთს და ისრაელს, თუმცა, ვერცერთ ქვეყანაში ვერ მოიპოვა ნდობა და განაწყენებულმა არა მხოლოდ ისრაელთან გაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ ლიბიის პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთანაც გააბა მეგობრობა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ანტიდასავლურ, ისრაელის მოწინააღმდეგე რეჟიმებს და არც იდი ამინი დაჩაგრა.
ლიბიის მოკავშირე უგანდამ საბჭოთა კავშირისგანაც მიიღო სამხედრო დახმარება, რითაც წარმატებით ისარგებლა და სოლიდურად შეიარაღებულმა სწრაფად დაივიწყა ის დემოკრატია, რომელსაც დასავლეთის ლიდერებს ჰპირდებოდა, ნამდვილ დიქტატორად გადაიქცა და ახალი ტიტულიც მიითვისა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: ‘’მისი უდიდებულესობა იდი ამინი, მარადიული პრეზიდენტი, ფელდმარშალი ალ-ხოჯა, დოქტორ იდი ამინი, ხმელეთზე ცხოველების და ზღვაში თევზების მბრძანებელი, უგანდასა და სრულიად აფრიკაში ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი, ‘’ვიქტორიას ჯვრის’’, ‘’სამხედრო ჯვრისა’’ და საბრძოლო თავდადებისთვის ორდერის კავალერი".
ძალაუფლების გამყარების შემდეგ, ამინმა რეპრესიების სასტიკ პოლიტიკას მიმართა და პირველი იერიში იმ სამხედრო ელიტაზე მიიტანა, რომელიც მის შეხედულებებს არ იზიარებდა. ერთ-ერთ ყველაზე საზარელ მკვლელობად არმიის მთავარსარდლის სულეიმან ჰუსეინთან ანგარიშსწორება იქცა, რომელიც საპატიმროში სცემეს, თავი მოჰკვეთეს და ამინს გაუგზავნეს, მან კი, ‘’სუვენირი’’ მაღალჩინოსან სტუმრებს წარუდგინა წვეულებაზე და ჯერ დანები ესროლა, მერე უშვერი სიტყვებით გალანძღა, ბოლოს კი, სტუმრებს დაემშვიდობა და სახლში დაბრუნება ურჩია.
თუმცა, ამინი არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ ნებისმიერს უსწორდებოდა, ვინც მცირე ქონებას ფლობდა ან მისი სასტიკი დანაშაულებების გამოაშკარავებას ცდილობდა. სწორედ ასეთი ცნობისმოყვარეები აღმოჩნდნენ ამერიკელი ჟურნალისტები უგანდური გამოცემიდან, რომელთაც ამინის არმიის ერთ-ერთ პოლკოვნიკთან - ყოფილ ტაქსის მძღოლთან მოისურვეს ინტერვიუს ჩაწერა, მას კი, მოეჩვენა, თითქოს ამერიკელები ზედმეტ ინფორმაციას აგროვებდნენ და ‘’შეფისგან’’ ბრძანების მიღების შემდეგ, ორივე დაუფიქრებლად გამოასალმა სიცოცხლეს.
1971 წელს, ხუთთვიანი მმართველობის შემდეგ, ამინის რეპრესიებმა 10 ათასი უგანდელი - მეტწილად აჩოლასა და ლანგოს ტომების წარმომადგენელი ოფიცრები, ჩინოვნიკები და პოლიტიკური მოღვაწეები იმსხვერპლა, რომელთა მიმართ დიქტატორს განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდა და ამიტომ, ყოველთვის შეშლილის კმაყოფილებით კვებავდა მათი ცხედრებით ნილოსის ნიანგებს.
1972 წლის აგვისტოში, იდი ამინმა უგანდაში დაბინავებული მრავალრიცხოვანი, მეტწილად კერძო ბიზნესში ჩაბმული ინდოელი ემიგრანტების წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია და სამ თვეში 55 ათასი ადამიანი გააძევა ქვეყნიდან, მათი ბიზნესის და საკუთრების მითვისებით კი, თვითონაც გამდიდრდა და მომხრეთა მიმართაც გამოხატა ‘’მატერიალური მადლიერება’’, ერთი წლის შემდეგ კი, მისი რეპრესიების სამიზნედ უკვე უგანდელი ქრისტიანები იქცნენ.
მართალია, იმ პერიოდში მუსულმანები უგანდის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეადგენდნენ, მაგრამ ქრისტიანი უმრავლესობა მაინც სერიოზულ დისკრიმინაციას განიცდიდა. უგანდის, რუანდისა და ბურუნდის მთავარეპისკოპოსმა იანანი ლუვუმიმ მრევლის გადასარჩენად პეტიციითაც კი მიმართა დიქტატორს, რასაც ამინმა ჩვეული ცინიზმით უპასუხა და ჯერ სასტუმრო ‘’ნილოსში’’ მიიწვია შეხვედრაზე, მერე ერთი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.
მეტ-ნაკლებად განათლებული ფენების წინააღმდეგ რეპრესიებმა, შეძლებულთა ქონების მიტაცებამ და უკონტროლო კორუფციამ სწრაფად აქცია უგანდა აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღატაკ ქვეყნად, თუმცა, ამინს ნაკლებად ადარდებდა სხვათა ბედი, რადგან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
* კაცჭამია ამინი -
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადოლფ ჰიტლერის თაყვანისმცემელი ამინი, რომელიც კამპალაში მისი ძეგლის დადგმასაც გეგმავდა და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ზეწოლით გადაიფიქრა, არა მხოლოდ ანადგურებდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ კოლეგა ბოკასას - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მსგავსად, მათ ხორცსაც სიამოვნებით მიირთმევდა, ‘’ადამიანის ხორცი ძალიან მარილიანია, ბევრად მარილიანი, ვიდრე ლეოპარდის ხორცი. ომში, როცა საჭმელი არაფერია, დაჭრილი მეგობრის მოკვლა და მისი ხორცით შიმშილისგან თავის გადარჩენაც შეიძლება’’, - მოგვიანებით აღნიშნა ამინმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან პირად საუბარში, რომელიც 1976 წლის 27 ივნისს ესტუმრა კანიბალ დიქტატორს და პალესტინელი ექსტრემისტების მიერ ათენის აეროპორტიდან გატაცებულ თვითმფრინავზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რადგან სწორედ ამინმა მისცა ტერორისტებს მძევლებით სავსე თვითმფრინავის ეტენბეს აეროპორტში დაშვების უფლება.
მართალია, თვითმფრინავის გატაცების და ტერორისტების ულტიმატუმის გამოყენება ამინმა საკუთარი ინტერესებისთვის სცადა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისრაელის სპეცსამსახურების ბრწყინვალედ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, ყველა გეგმა ჩაუშალა და საბოლოოდ გაუფუჭა ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან, თუმცა, კანიბალი დიქტატორის ყველაზე დიდ შეცდომად მაინც მეზობელ ტანზანიასთან დაწყებული ომი იქცა.
ბევრად მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ტანზანია საბჭოთა კავშირის მეგობარ აფრიკულ ქვეყნებს შორის ირიცხებოდა, მისი ლიდერი ჯულიუს ნიერერე კი, აფრიკული სოციალიზმის კონცეფციას იზიარებდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ომის დაწყებასთან ერთად უგანდა სოციალისტური ბანაკის მხარდაჭერის გარეშე დარჩა, დასავლეთთან კი, მანამდეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მხოლოდ არაბული ქვეყნების, პირველ რიგში ლიბიის იმედით შეიჭრა ტანზანიის ჩრდილოეთ პროვინციაში - კაგერაში, სადაც ეროვნულმა არმიამ ჯერ უკან დახევა აიძულა, მერე კი, თავად შეიჭრა უგანდის ტერიტორიაზე. 1979 წლის 11 აპრილს იდი ამინ დადამ კამპალა დატოვა და ლიბიაში გაიქცა, საიდანაც საუდის არაბეთში გადაბარგდა და ჯიდაში დასახლდა.
საოცარია, მაგრამ ‘’შავ ჰიტლერად’’ წოდებულმა, ერთ-ერთმა ყველაზე სისხლიანმა დიქტატორმა, რომლის რეჟიმმა უამრავი უდანაშაულო იმსხვერპლა, წარმატებით დააღწია თავი მართლმსაჯულებას და დარჩენილი ცხოვრებაც სრულ ფუფუნებაში გაატარა, 2003 წლის 16 აგვისტოს კი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.