* Hallelujah: ერთი სიმღერის ისტორია -
კანადელ მომღერალს ლეონარდ კოენს, რომელსაც ხანგრძლივი მოღვაწეობის მიუხედავად, მაინც ნაკლებად ჰქონდა წარმატებული ჰიტები, სწორედ სიმღერამ Hallelujah-მ მოუტანა პოპულარობა და მსოფლიო აღიარება. აღსანიშნავია, რომ Hallelujah ერთდროულად იქცა ყველა დროის ყველაზე ხშირად შესრულებულ და ყველაზე გაუგებარ კომპოზიციად, რადგან ერთნაირი წარმატებით ჟღერს როგორც სადღესასწაულო წვეულებებზე - ქორწილებსა და დაბადების დღეებზე, ისე დაკრძალვებსა და სამგლოვიარო ცერემონიებზე, თუმცა არავინ უფიქრდება მის ტექსტსა და მნიშვნელობას.
სპეციფიური სახელწოდების მიუხედავად კომპოზიცია არც რელიგიურ, არც გოსპელის ჟანრს არ მიეკუთნება და მხოლოდ ავტორის გამოცდილებას ასახავს, რომელმაც სწორედ სიმღერით სცადა საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა მარცხისა და გამარჯვების, სიყვარულისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ.
* სიმღერის შექმნის ისტორია -
კომპოზიციას რთული და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, რაზეც ალან ლაითმაც მოუთხრო მკითხველს საკუთარ წიგნში The Holy or the Broken, თავად კოენმა კი, არაერთხელ აღნიშნა, რომ კომპოზიციაზე მუშაობა მართლაც მძიმე ტვირთად ექცა, რადგან რამდენიმე წელი მოუწია საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხოლოდ Hallelujah-ის შექმნაზე ფიქრობდა.
გარდამტეხი კოენისთვის 1980-იანი წლების დასაწყისში, სასტუმრო ‘’როიალტონში’’ გატარებული ღამე აღმოჩნდა. მუსიკოსი დიდხანს იჯდა იატაკზე გაფანტულ ფურცლებს შორის, ჭარბად ეძალებოდა ალკოჰოლს და შავად ნაწერ ტექსტებს შორის ცდილობდა საუკეთესო ვარიანტის მოძიებას, მერე კი ფეხზე ადგომა მოინდომა, თუმცა თავბრუ დაეხვა და წონასწორობადაკარგულმა თავი იატაკს დაარტყა. მუსიკოსმა სულ რამდენიმე წუთით დაკარგა გონება, თუმცა გამოფხიზლებულმა მტკიცე პირობა მისცა საკუთარ თავს, რომ ‘’ნებისმიერ ფასად მიიყვანდა საქმეს ბოლომდე და დაწერდა სიმღერას’’.
‘’შემოქმედებით განდეგილობაში’’ მუსიკოსმა მთელი ხუთი წელი გაატარა და მხოლოდ 1984 დაასრულა კომპოზიციაზე მუშაობა. საბოლოო ჯამში კოენმა 15 გვერდი და 80 სტროფი დაწერა, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე უნდა შეერჩია ჩასაწერად, თუმცა არჩევანი იმდენად რთული გამოდგა, რომ წლების მანძლიზე ასრულებდა სიმღერას განსხვავებული ვერსიით და მხოლოდ ბოლო სტროფს ტოვებდა უცვლელად, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ფინალური ფრაზებით შეძლო მრავალწლიანი ფიქრის შეჯამება ცხოვრებასა და სიყვარულზე.
კომპოზიცია, რომელიც პირველად 1984 წელს ჩაიწერა ნიუ-იორკის სტუდია Quadrosonic-ში, კოენის მეშვიდე სტუდიურ ალბომში Various Positions-ში შევიდა. მართალია, მუსიკოსი რამდენიმე წელი მუშაობდა კომპოზიციაზე, მაგრამ ვერც ალბომმა, ვერც თავად სიმღერამ ვერ შეძლო პოპულარობის მოპოვება, რადგან Hallelujah მხოლოდ ბრიტანულ ჩარტში მოხვდა და 36-ე პოზიციით. მეტიც, ხმისჩამწერმა კომპანიამ Columbia Records-მა კოენის ალბომს ‘’ნამდვილი კატასტროფა’’ უწოდა და არა მხოლოდ მის გამოშვებაზე, არამედ მუსიკოსთან თანამშრომლობაზეც უარი თქვა, რამაც კოენს დამოუკიდებელი კომპანიისთვის Passport-ისთვის მიმართვა აიძულა.
* დაგვიანებული პოპულარობა -
პოპულარობა სიმღერას მრავალრიცხოვანმა, ქავერ-ვერსიებმა, მათ შორის უცხო ენაზე თარგმნილმა ვარიაციებმა მოუტანა, რომელთა რიცხვმა საერთო ჯამში 200-ს გადააჭარბა. ცნობილ მუსიკოსებს შორის, ვინც საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა Hallelujah, ისეთი მუსიკოსები აღმოჩნდნენ, როგორიც ბობ დილანი, ჯონ კეილი, ვანესა პარადი და ჯასტინ თიმბერლეიკია.
* ბობ დილანთან ნაცნობობა -
კოენი ხშირად იხსენებდა ბობ დილანთან შეხვედრას, რომელიც მონრეალის ფორუმზე შედგა 1988 წელს. ‘’ბობმა მკითხა, თუ რა დრო დამჭირდა Hallelujah-ს შესაქმნელად და ვუპასუხე, რომ მთელი ორი წელი, მერე მე დავინტერესდი, რამდენ ხანში დაწერა სიმღერა I And I და ძალიან ბევრი ვიცინე, როცა გავიგე, რომ მისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა სულ რაღაც 15 წუთში შეიქნა’’, - აღნიშნა მუსიკოსმა, თუმცა მანაც ისევე იცრუა, როგორც მისმა კოლეგამ, რადგან სინამდვილეში კოენს მთელი ხუთი წელი დასჭირდა Hallelujah-ს დასაწერად, დილანმა კი, 10 წუთში გაართვა თავი საკუთარი ჰიტის I And I-ს შექმნას.
* სიმღერას მიძღვნილი წიგნი -
აღსანიშნავია, რომ Hallelujah ის იშვიათი სიმღერაა, რომელსაც New York Times-ისა და Rolling Stone-ის მიმომხილველმა ალან ლაითმა არა მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაცია, არამედ წიგნიც მიუძღვნა, რომელსაც The Holy or the Broken უწოდა. ავტორის განცხადებით, პუბლიცისტურ-მუსიკალური ნაშრომის შექმნა ერთ-ერთ ებრაულ დღესასწაულზე გუნდის მიერ შესრულებულმა Hallelujah-მ შთააგონა, რომელმაც პუბლიკასაც გული აუჩუყა და აატირა. მართალია, კოენს წიგნის დაწერაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მოუთმენლად ელოდა მის პუბლიკაციას.
* ქავერ-ვერსიები -
საუკეთესო ქავერად ამერიკელი მუსიკოსის ჯეფ ბაკლის ვერსია დასახელდა, რომელიც Rolling Stone-მა 259-ე პოზიციით შეიტანა ‘’ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიციის’’ ნუსხაში. არ დატოვა უყურადღებოდ ჟურნალმა არც თავად კოენი, რომელსაც 39-ე პოზიცია მიანიჭა ‘’ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებლის’’ რეიტინგში.
2009 წელს კოენმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზედმეტად ბევრი მომღერალი ასრულებს მის სიმღერას, ისე, რომ არც ცდილობს მისი აზრის გაგებას. ამგვარი დასკვნა მუსიკოსმა 2009 წელს გააკეთა, ფილმის ‘’დარაჯების’’ რეცენზიის გაცნობის შემდეგ, რომლის ავტორმა ხუმრობით მოითხოვა სიმღერის აკრძალვა, რომელიც ზედმეტად ხშირად გამოიყენება ფილმებსა და შოუებში.
Hallelujah მართლაც უამრავ ფილმში, შოუსა და მულტფილმში გაჟღერდა, რომელთა შორის განსაკუთრებული ორიგინალობით ‘’იარაღის ბარონის’’, ‘’დოქტორ ჰაუსის’’ და ‘’შრეკის’’ ვერსიები აღმოჩნდა. მართალია, კოენი ნაკლებად ამართლებს მისი ნამუშევრის ‘’მასობრივ მოხმარებას’’, მაგრამ არასდროს აფასებს, მით უფრო, არ აკრიტიკებს სხვა მუსიკოსების შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ Hallelujah-ს ერთ-ერთმა ვერსიამ, რომელიც ბრიტანულ მუსიკალურ კონკურსში X Factor-ში შეასრულა 20 წლის ალექსანდრა ბერკმა არა მხოლოდ კონკურსში მოიპოვა გამარჯვება, არამედ ევროპული რეკორდიც დაამყარა ერთ ღამეში გაყიდული ასლების მიხედვით, ჯასტინ თიმბერლეიკის ვერსია კი, რომელიც მან კონცერტისთვის Hope For Haiti Now შეასრულა, საქველმოქმედო ღონისძიებების არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.