ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 პალესტინელი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 8000 ბავშვი და 6200 ქალია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან, ყოველდღიურად დაახლოებით 300-ი ადამიანი იღუპება. საგანგებო სიტუაციების საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, რიჩარდ ბრენანი აცხადებს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ნამდვილად სანდოა. ამასთან, ღაზას სექტორის ექიმები ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგანაც მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას დანგრეული შენობების ნანგრევებში დამარხული ცხედრების ან იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებში არ მიუყვანიათ.