ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს. მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ჰამასი“ 40-ი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისრაელი პალესტინელი პატიმრების ნაწილს გაათავისუფლებს. პარალელურად, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში ჩავიდა, სადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობს. მანამდე, ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მეორე ჰუმანიტარული პაუზისთვის მზადაა. ისააკ ჰერცოგის თქმითვე, მიმდინარე პროცესეზე პასუხისმგებლობა, ღაზაში „ჰამასის“ ხელმძღვანელს იაჰია სინვარს და ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებს ეკისრებათ. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება. საერთაშორისო ლიდერები მხარეებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.