ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი ავრცელებს.
რეფორმა მიგრანტების სწრაფ შემოწმებას, საზღვრებზე დროებითი დაკავების ცენტრების შექმნას, დაჩქარებულ დეპორტაციას და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მიგრანტების ზეწოლის შემცირებას ითვალისწინებს.
„აქამდე გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. საბოლოოდ, ევროპა მიგრაციის შესახებ დაპირებებს ასრულებს“, - განაცხადა შინასმა.
ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, „მიგრაცია საერთო ევროპული გამოწვევაა".
„დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს, რომ იგი ერთად ვმართოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მიგრაციის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.