ოპოზიცია საქართველოს გამარჯვებად მიიჩნევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთს გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის, 130 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა ქმედითი ნაბიჯების დროა, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ოკუპანტს სათანადო პასუხი გასცეს. მათივე განმარტებით, “ქართული ოცნების” პოზიცია კრემლის იმპერიალისტურ ქმედებებთან დაკავშირებით საკმარისად მტკიცე არ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.